საქართველოს პრეზიდენტის დეკლარაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის ქვეყნებში ვიზიტებისთვის, რომლებზეც მას მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია, პირადი დანაზოგიდან 48 217,46 ლარი დახარჯა.
ვიდრე საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ევროპულ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. მთავრობის უარის მიუხედავად, ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მაინც შეხვდა.
დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 2023 წელს 84 221 ლარი იყო. ზურაბიშვილს ხარჯებში ასევე მითითებული აქვს ქველმოქმედებისთვის დახარჯული - 55 275 ლარი.
პრეზიდენტმა დეკლარაცია 2024 წლის 29 იანვარს შეავსო. მითითებული მონაცემებით, მის საბანკო ანგარიშებზე აღნიშნული პერიოდისთვის 26 849.67 ევრო და 28 836.49 დოლარი იყო.
სავარაუდოდ, პრეზიდენტი ამჯერადაც პირადი ხარჯით მიდის გერმანიაში, სადაც მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.