არ დავუშვებთ, 2020 წელი გაიმეორონ „ენჯეოებმა“ და ყალბი დასკვნებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ერთადერთი, ვისგანაც დასაცავია ქართველი ამომრჩევლის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ენჯეოები“.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ხმების დაცვას და ა.შ. 2020 წელს ჩვენ რაც ვნახეთ, ერთადერთი, ვისგანაც დასაცავია ქართველი ამომრჩევლის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტი „ენჯეოები“. სხვათა შორის, პირდაპირ ეუთო-ს დასკვნაში აისახა, რომ სახეზე იყო პარტიული „ენჯეოების“ აქტივობა საარჩევნო უბნებზეც, მათ შორის წინასაარჩევნო გარემოში. გვახსოვს მაშინ „ისფედის“ მიერ გაყალბებული „პივიტი“ (ხმების პარალელური დათვლა) და შემდეგ რამდენიმე „ენჯეოს“ განცხადება, რომელიც გახდა საფუძველი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბოიკოტის. მათ შორის, გახსოვთ, ძალადობრივი შტურმი იყო ცესკო-ზე 2020 წელს. ასე რომ, თუ ვინმესგან არის დასაცავი ჩვენი ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტი „ენჯეოები“. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით იმასაც, ვინ იქნებიან ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებლები, რომლებიც არიან ხოლმე აქტიურები, რადგან მათ საზოგადოებაში დაკარგული აქვთ ნდობა მას შემდეგ, რაც 2020 წელს იყვნენ თანამონაწილეები დეზინფომარციული კამპანიისა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.