აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-19 სხდომაზე განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა მტკიცე და უშიშარი იქნება.
ლოიდ ოსტინი, რომელიც საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს და უფლებამოსილების შესრულებას სახლიდან განაგრძობს, სხდომაზე სიტყვით დისტანციურად გამოვიდა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრაში დიდი რაოდენობით მოკავშირე და პარტნიორი მონაწილეობს მთელი მსოფლიოდან, რაც უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის მონდომებისა და ერთიანობის დასტურია.
”ჩვენ უკან არ დავიხევთ”, - ხაზგასმით აღნიშნა ოსტინმა და თქვა, რომ ამ თვეში ორი წელი შესრულდება მშვიდობიან და დემოკრატიულ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
როგორც ოსტინმა აღნიშნა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა უსამართლო და არაპროვოცირებული ომის დაწყება, იმედი ჰქონდა, რომ უკრაინას დაადანაშაულებდა.
"უკრაინა წარმოუდგენელი გამბედაობით და ფენომენალური ოსტატობით ებრძვის პუტინის შეჭრას", - თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. ამასთან, მან დასძინა, რომ ქვეყნები მთელი მსოფლიოდან გაერთიანდნენ უკრაინისთვის.
"ამ საკონტაქტო ჯგუფის ქვეყნებს თითქმის ორი წლის შემდეგ კვლავ ერთიანი მიზანი აერთიანებს. კრემლი კვლავ დებს ფსონს, რომ ჩვენ ყველა დავკარგავთ ინტერესს უკრაინის მიმართ და რომ ჩვენი მხარდაჭერა შეირყევა და გაქრება. მაგრამ მე კიდევ უფრო მტკიცე ვარ, ვიდრე ადრე და მე ვიცი, რომ თქვენც. ეს საკონტაქტო ჯგუფი რჩება მტკიცე, შეუპოვარი და მყარი“, - თქვა ოსტინმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„ეჭვი არ შეგეპაროთ, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და ამერიკა გააგრძელებს პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
ოსტინის აზრით, კრემლი კიდევ უფრო ღრმად იძირება თვითიზოლაციაში, რომელიც გამოწვეულია მისივე ქმედებებით.
როგორც ოსტინმა თქვა, რამშტაინის ფორმატის წევრები აგრძელებენ უკრაინისთვის დახმარების გაგზავნას ბრძოლის ველზე საბრძოლველად.
თავდაცვის მდივნის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა საკონტაქტო ჯგუფის წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის.
„კრემლის ინტერვენცია არის პირდაპირი თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი შრომით მოპოვებულ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც გმობს აგრესიას, იცავს სახელმწიფო სუვერენიტეტს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. ასე რომ, პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის შედეგები დაეხმარება მომავალი ათწლეულების გლობალური უსაფრთხოების განსაზღვრას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.