პირობას გაძლევთ, მიშასთან ერთად, 12-დან 18 თვემდე დაგვჭირდება, რომ ყველა მიმდინარე პროექტი დავამთავროთ, რათა დავიწყოთ ახალი პროექტები, ახალი სარკინიგზო ხაზები, სწრაფი სამგზავრო მატარებლები, ანაკლიისა და ლაზიკის პორტი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების კოალიციის“ დასაქმების გეგმის წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენ თუ რამეზე გვაკრიტიკებდნენ, სწრაფად რატომ აშენებთო. მახსოვს, ბათუმის იუსტიციის სახლი იყო პირველი, მიშა რომ მოვიდა იუსტიციის სახლის მშენებლობის გახსნაზე, პირველი ბარი როცა დავარტყით, გვერდით ვიდექი და გვკითხა, რამდენ ხანში ააშენებთო? ვუთხარი, რომ 24 თვეში ავაშენებდით. არ გამოვაო, 12 თვეში უნდა გავხსნაო. ვუთხარი, რომ 12 თვეში 17 სართულია ასაშენებელი. გავხსენით 12 თვეში. პირობას გაძლევთ, მიშასთან ერთად, ჩვენ 12-დან 18 თვემდე დაგვჭირდება, რომ ყველა მიმდინარე პროექტი დავამთავროთ, რათა დავიწყოთ ახალი პროექტები, ახალი სარკინიგზო ხაზები, სწრაფი სამგზავრო მატარებლები, ანაკლიისა და ლაზიკის პორტი. რაც უფრო გვიანდება არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების დამთავრება, მით უფრო გვიანდება ახალი პროექტების დაწყება. 23 ინფრასტრუქტურულად სტრატეგიულ პროექტად რაც შერაცხეს, 21 არის დაუმთავრებელი, ოღონდ ფული გახარჯულია. სად წავიდა? 18 თვეში რკინიგზის ხაზსაც გავიყვანთ, გზებსაც დავამთავრებთ და პარალელურად დავიწყებთ ახალ პროექტებს საპორტო და სხვა მიმართულებით“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა: „საოკუპაციო ზოლთან ერთი კარგი „მერსედესის“ ქარხანა რომ ავაშენოთ, მერწმუნეთ, დეოკუპაციასაც მალე მოვახდენთ და მაგასაც ვიზამთ აუცილებლად“.
ვაშაძის თქმით, დღეს საქართველოს მასშტაბით უამრავი სახლია ცარიელი.
მისივე თქმით, „გამარჯვების კოალიციის“ მიზანია ქვეყნის ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს და ამერიკული თუ ევროპული ინვესტიების მოზიდვით, ასობით ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნას.
„დღეს საქართველოს მასშტაბით სადაც არ უნდა გავიაროთ, უამრავი სახლია ცარიელი. ჩვენი თანამემამულეები ელემენტარული შემოსავლის არ ქონის გამო ტოვებენ ქვეყანას, 800 000 ჩვენი თანამემამულე ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში წავიდა საზღვარგარეთ სარჩო-საბადებლის სანახავად. დატოვეს ის, რაც ასე ძალიან უყვართ, დატოვეს თავიანთი ოჯახები.
მთავარი კითხვა - რატომ ხდება ეს საქართველოში? იმიტომ, რომ საქართველოში არ არის მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ არ მოუწიოთ მათ ქვეყნიდან გასვლა. წარმოიდგინეთ, ივანიშვილის პარტიის თითქმის 12 წლიანი მმართველობის პირობებში მოქალაქეებს უფრო გაუჭირდათ, უფრო მძიმე მდგომარეობაა, დღეს აქ რეგიონის წარმომადგენლები იმყოფებით და ეს გაჭირვება რეგიონებში კიდევ უფრო შეინიშნება, დაცლილი სოფლები, დაცარიელებული რაიონის ცენტრები, ხშირად, რომ გაივლი სოფლებში ადამიანს ვერ ნახავ, რომ წყალი მოგაწოდოს. რატომ ხდება ეს უსამართლობა ქვეყანაში, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს, წიაღისეული გვაქვს, გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, ნიჭიერი ხალხი გვყავს, რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ ქვეყანას მართავს ივანიშვილი და მისი პარტია, რომელთა ამოცანაა ზემდიდარი ელიტა და ღარიბი ხალხი...
მეგობრებო, მოგვიახლოვდა არჩევნები და კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აბსულუტურად მოწყვეტილია ხალხს. მას არც უმუშევრობა აღელვებს, არც ხალხის გაჭირვება, უფრო მეტიც, მისთვის მისაღებია განვითარების ის ტემპი, რომელიც დღეს არის, ჩვენთვის ეს მიუღებელია და ამიტომაც გვინდა, რომ წინ წავიყვანოთ ქვეყანა და განვავითაროთ ქალაქი და სოფელი. არ შეიძლება 115 ლარზე სოფელში მცხოვრები ადამიანი ჩაითვალოს დასაქმებულად, მინიმუმ 1500 ლარი მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს ხელფასი, რომ ის დასაქმებულად ჩაითვალოს.“ - განაცხადა ვაშაძემ