შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის (WSJ) ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მზად არის შეასრულოს აშშ-ს პრეზიდენტის მოვალეობა, თუ ასეთი საჭიროება იქნება.
”მე მზად ვარ შევასრულო მოვალეობა. ეჭვი არ არის,” - თქვა მან.
ჰარისს კომენტარი სთხოვეს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ასაკის გამო ამომრჩეველთა შეშფოთებასთან დაკავშირებით.
ჰარისის თქმით, ყველას, ვინც ხედავს, თუ როგორ მუშაობს ის, ესმის მისი ლიდერობის უნარი. გამოცემა წერს, რომ დემოკრატები არ აწარმოებენ სერიოზულ საუბრებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაიდენის სხვა კანდიდატით ჩანაცვლებაზე. გარდა ამისა, WSJ აღნიშნავს, რომ პრაიმერიზში მონაწილეობისთვის დოკუმენტების წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა.
WSJ ასევე წერს, რომ თუ 81 წლის ჯო ბაიდენი რაიმე მიზეზით გადაწყვეტს საპრეზიდენტო არჩევნებში მოხსნას თავისი კანდიდატურა, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დასჭირდება დემოკრატების დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერა, რათა შეცვალოს იგი აგვისტოში დემოკრატების ყრილობაზე. თუ პრეზიდენტი ყრილობის შემდეგ მოხსნის კანდიდატურას, მის მემკვიდრეს არჩევნებში დემოკრატიული ეროვნული კომიტეტი განსაზღვრავს.
ABC News/Ipsos-ის კვლევის შედეგებით, ამერიკელთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ზედმეტად ასაკოვანია მეორე ვადით კენჭისყრისთვის.