როგორც კი წააგებს ივანიშვილი არჩევნებს, გადაიხვეწება საქართველოდან, მეტი ალბათობით, იქნება მოსკოვში, სადაც მისი რეალური ადგილია, - აცხადებს "პირველი არხის" ცნობით, პარტია "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია.
მისი თქმით, იგი ეთანხმება მამუკა ხაზარაძის შეფასებას, რომლის თანახმადაც, "ლელოს" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ივანიშვილი მოსკოვს გაემგზავრება.
„მიმაჩნია, რომ როგორც კი წააგებს ივანიშვილი არჩევნებს, ის გადაიხვეწება საქართველოდან და მეტი ალბათობით, იქნება მოსკოვში, სადაც არის მისი რეალური, სულიერი და გონებრივი ადგილი. ეს მოხდება ძალიან მალე, ის დამარცხდება არჩევნებში ამ წლის შემოდგომაზე. წაგების შემთხვევაში, ივანიშვილი წავა თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. ხაზარაძემ ნათლად განაცხადა, რომ ის არ არის პროკურორი და არ აქვს არანაირი ინტერესი, იყოს პროკურორი, ის არის პოლიტიკური ლიდერი და ვართ პოლიტიკური ლიდერები. შესაბამისად, ჩვენ არ და ვერ ჩავერევით იმაში, ვინ, სად იქნება არჩევნების შემდეგ. ჩვენთვის მთავარია, რუსეთის მსახური ხელისუფლება დასრულდეს. შემდეგ, რამდენად გაუმართლებს ივანიშვილს და რამდენად გადაურჩება ყველაფერზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში სამართლებრივს, ეს უკვე დამოკიდებულია თავისუფალ სასამართლოზე, რომელიც ჩვენ მართლა გვექნება. რეპრესიების არავის უნდა ეშინოდეს, რეპრესიების ეშინიათ, რადგან სარკეში რომ იყურებიან, ხედავენ საკუთარ ცოდვებს. „ქართული ოცნების“ ლიდერრბს არ ესმით, რა არის რეპრესია. ვერ ხედავენ, რომ რეპრესია არის ის, რასაც თავად ჩადიან 12 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.