საქართველოს ვიცე-პრემიერები თეა წულუკიანი და ირაკლი ჩიქოვანი აკრიტიკებენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რადგან მათი თქმით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევს არ მიულოცა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
წულუკიანის თქმით, პოლიტიკური სიბეცეა სალომე ზურაბიშვილის თავშეკავება, არ მიულოცოს "არჩევნებში გამარჯვება მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს".
"გვინდა, ყველას შევახსენოთ, შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, რომ ბოლო წლებში რეგიონში გაზრდილია გეოპოლიტიკური, უსაფრთხოების რისკები, საქართველოს მთავრობა დღენიადაგ ზრუნავს, რომ ეს რისკები დააზღვიოს. ამ ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი, თავს იკავებს, არჩევნებში გამარჯვება მიულოცოს ჩვენს მეზობელ პარტნიორ, მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს. ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ამას კიდევ არა უშავს, ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ეგრეთ წოდებული პატრონებისგან, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე. მისი მიზანი უნდა იყოს, როგორც პრეზიდენტმა, წინასწარ დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები, მაქსიმალურად მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა იქონიოს ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის არის აზერბაიჯანი, თუმცა როგორც ჩანს, მისი მიზანია, მეტი რისკი იყოს ამ ქვეყანაში, გაიზარდოს ეკონომიკური საფრთხეები და ასე შემდეგ. ეს, სულ მცირე, დასანანია. ასევე, გაზიარებული ვერ იქნება ახსნა, რომ ჯერ საბოლოოდ არ არის დადასტურებული გამარჯვება და ამიტომ არ ულოცავს ალიევს. ჩვენ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როცა ქალბატონმა სალომემ არჩევნების შედეგების ოფიციალურად დადასტურებამდე მიულოცა მაკრონს, რაც ბუნებრივი და მისასალმებელი იყო", – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს გამარჯვება რომ არ მიულოცა, უგუნური გადაწყვეტილებაა". ამასთან, ჩიქოვანი ეჭვს გამოთქვამს, რომ ეს შესაძლოა, "გარკვეული სქემის ნაწილი იყოს".
„ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს ამ მიმართულებით. ვინაიდან ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა აზერბაიჯანის ლიდერთან. რამაც ხელი შეუწყო ჩვენ ორ ქვეყანას შორის წარმატებული პროექტების განხორციელებას. მეორე მხრივ, ელემენტარულად დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო.
ვერ გეტყვით, რამდენად გამოდგება გამართლება, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი დამცველი იყენებს, თითქოს ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. მაშინ, როდესაც ეს შედეგები საკმარისია იმისთვის, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ან სხვა სახელმწიფოს ლიდერებმა, მათ შორის ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გამოიყენოს და მიულოცოს, უსურვოს წარმატებები ახალი პრეზიდენტობის პირობებში ბატონ ალიევს, რატომ არ არის ეს საკმარისი ქალბატონი პრეზიდენტისთვის. ეს კიდევ ერთხელ მგონია, რომ აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, აზიანებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. მეორე მხრივ, მგონია, საერთოდ სულაც უგუნური გადაწყვეტილება. თუმცა შესაძლებელია, ეს ყველაფერი გარკვეული სქემის ნაწილი იყოს, რომელსაც დიდი ხანია, პრეზიდენტი აღასრულებს და გარკვეულ დავალებებს მიყვება“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.