რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, რათა ყველა გადაწყვეტილება სათანადოდ იყოს გაგებული, - აცხადებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი.
ამასთან, წულუკიანის თქმით, მთავრობის განკარგულებები გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის.
„განკარგულებები სხვადასხვა დროს, როგორც მე მახსენდება, 2012 წლიდან დღემდე ქვეყნდებოდა. ხანდახან ვერ იყო ხელმისაწვდომი. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მთავრობა და ადმინისტრაცია მიიღებს ყველა ზომას, რათა განუხრელად იყოს დაცული გამოქვეყნების პროცედურა, ასევე, სახვადასხვა ტიპის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.
როდესაც რაიმე ტიპის გადაწყვეტილება მიიღება, მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მაგალითისთვის, მაშსტაბურ და მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას ან სხვა ინსტიტუციურ ცვლილებას, რომელიც მოითხოვს დარგის სხვადასხვა სპეციალისტის, ექსპერტის ან წარმომადგენლის აზრის მოსმენას, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, რათა ყველა გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად ახსნილი და შეძლებისდაგვარად ყველას მიერ სათანადოდ და ზედმიწევნით გაგებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.