შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კვლავ ჰოსპიტალიზებულია. პენტაგონის თანახმად, ის კლინიკაში შარდის ბუშტის მწვავე პრობლემის გამო გადაიყვანეს.
"დღეს {11 თებერვალს}, დაახლოებით 14:20 საათზე, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უსაფრთხოების თანამშრომლებმა გადაიყვანეს უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში შარდის ბუშტის მწვავე პრობლემასთან დაკავშირებული სიმპტომების შესაფასებლად," - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოსტინის ჰოსპიტალიზების შესახებ ეცნობა თავდაცვის მდივნის მოადგილეს და გაერთიანებული შტაბის უფროსს, ასევე თეთრ სახლს და კონგრესს.
რაიდერის თქმით, მჟამად, ლოიდ ოსტინი აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას. მისი მოადგილე მზადაა საჭიროების შემთხვევაში შეასრულოს თავდაცვის მდივნის ფუნქციები და მოვალეობები.
როგორც ცნობილია, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან 15 იანვარს გაწერეს პროსტატის კიბოს გამო ოპერაციის შედეგად წარმოქმნილი გართულებების ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ. ამის შემდეგ ის სახლიდან მუშაობდა - კერძოდ, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრას ხელმძღვანელობდა.
გასულ კვირას ექიმებმა განაცხადეს, რომ ოსტინის მკურნალობა კარგად მიდიოდა და დამატებითი ოპერაცია არ იყო დაგეგმილი.