საქართველოში ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა დაბრუნება დაიწყეს. განცხადებას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში "სოკარ ენერჯი ჯორჯია"-ს გენერალური დირექტორი მახურ მამედოვი აკეთებს. მისივე თქმით, მან მრავალი ისეთი აზერბაიჯანელი იცის, რომელთაც როგორც დიდი ასევე მცირე მატერიალური შესაძლებლობები აქვთ და რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ.
"ადამიანები ბრუნდებიან და იწყებენ მამაპაპისეული სახლების აღდგენას. თუკი ადრე საუბრობდნენ, რომ აზერბაიჯანელები და ქართველები მიდიან საქართველოდან, ახლა ვფიქრობ, მათი დაბრუნების შესახებ დაიწყებენ საუბარს", _ განაცხადა მახურ მამედოვმა.
ამას გარდა, აზერბაიჯანული მედია ასევე აღნიშნავს, რომ კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" საქართველოში 2 800 სამუშაო ადგილი გახსნა, რომელთა ნახევარზე აზერბაიჯანელები არიან დასაქმებულნი.
აზერბაიჯანის საიმიგრაციო ცენტრის ხელმძღვანელი ალიოვსამ ალიევი აღნიშნავს, რომ საქართველოში აზერბაიჯანელების დაბრუნება მართლაც შეიმჩნევა და თუკი ეს ასე გაგრძელდება მომავალში 3-4 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული აზერბაიჯანელების რიცხვმა შესაძლოა 15-20 ათასს მიაღწიოს.
"აზერბაიჯანში მრავალი წლის წინ დაფუძნებული საქართველოს მოქალაქეების, ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და ქართველების გარკვეულმა ნაწილმა სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს. საქართველოში უკვე არის ცხოვრებისა და მუშაობის აუცილებელი პირობები. ამას გარდა, ამ წლების განმავლობაში საქართველოს აზერბაიჯანელები აქ ცხოვრებისას ბევრ პრობლემას წააწყდნენ. პრობლემებს შორის იყო ტერიტორიაზე მათი ყოფნის ლეგიტიმაციის საკითხები და ეს ალბათ ასევე გახდა ერთ-ერთი ხელისშემწყობი მიზეზი იმისა, რომ ისინი დაბრუნებულიყვნენ", _ აცხადებს ალიევი. ამას გარდა, მისივე თქმით, დაბრუნების მეორე შესაძლო მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში წასვლა და მუშაობა შეუფერხებლად შეუძლიათ. ალიევის თქმით, საქართველოში რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები ბრუნდებიან ეს მხოლოდ უკეთესობისკენაა -ეს ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შემცირდება უკანონოდ მაცხოვრებელი მიგრანტების რიცხვი.
"აზერბაიჯანის ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავინდებურად მაღალია და მეტია საქართველოს მაჩვენებელზე. აზერბაიჯანს საშიში არაფერი აქვს, საქართველოს და სომხეთს ეშინოდეს საკუთარი მოქალაქეების მასობრივი მიგრაციისა, იმიტომ, რომ იქ დაბალი შობადობა და მაღალი სიკვდილიანობაა", _ აცხადებს ალიევი.