აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გამოეხმაუარა სპეციალური მრჩევლის (პროკურორის), რობერტ ჰურის ანგარიშს. რომელშიც საუბარია ამერიკის პრეზიდენტის მეხსიერების შეზღუდვების შესახებ.
კამალა ჰარისმა ანგარიშს უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. იუწყება CNN
”მიმაჩნია, როგორც ყოფილ პროკურორს, რომ ამ სპეციალური პროკურორის მიერ გაკეთებული კომენტარები უსაფუძვლო, არაზუსტი და უადგილოა,” - თქვა მან.
ჰარისმა უარყო შეშფოთება პრეზიდენტის ასაკთან დაკავშირებით და დეტალურად აღწერა ბაიდენთან მუშაობის გამოცდილება 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ. ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ ის იყო თითქმის ყველა შეხვედრაზე ბაიდენთან და მის ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან თავდასხმის მომდევნო დღეებში.
„პრეზიდენტი იყო ამ ყველაფრის სათავეში, სვამდა კითხვებს და მოითხოვდა, რომ აშშ-ის სამხედრო, დაზვერვისა და დიპლომატიური სამსახურების წარმომადგენლებს გაერკვიათ და სცოდნოდათ რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი ამერიკელი, რამდენი მძევალი იყო, სტაბილური იყო თუ არა ვითარება, - აღნიშნა ჰარისმა.
ჰარისმა გააკრიტიკა სპეციალური პროკურორის მიერ ბაიდენის ფსიქიკური ჯანმრთელობის აღწერა.
რობერტ ჰურის ანგარშის თანახმად, ბაიდენმა დაარღვია საიდუმლო დოკუმენტაციის შენახვის წესი.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ბაიდენს უჭირდა გაეხსენებინა მისი ცხოვრების ძირითადი მოვლენების თარიღები.
სპეციალურმა მრჩეველმა რობერტ ჰურმა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის იუსტიციის მდივანმა, მერიკ გარლანდიმ დანიშნა, თქვა, რომ ბაიდენს არ ახსოვს, "როდის იყო ვიცე-პრეზიდენტი" (2009 წლიდან 2017 წლამდე), ან " როდის გარდაიცვალა მისი ვაჟი ბო ბაიდენი (2015).
ჯო ბაიდენი განარისხა რობერტ ჰურის ანგარიშმა. "მე კარგი მეხსიერება მაქვს, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე, რომელიც ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საგანგებოდ გაიმართა.