საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, "სახალხო პლატფორმის ქუჩაში გადმოტანასთან" დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის რომ სალომე ზურაბიშვილის ადგილას იყოს, სახალხო პლატფორმას ქუჩაში გადმოიტანდა, რადგან "რუსთაველის გადავსება შესაძლებელია".
ბექა ოდიშარიამ სულელური უწოდა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას და განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში "რუსთაველის გადავსების" წინაპირობა არ არსებობს.
"არ მგონია, რომ ასეთი სულელური მოწოდებები სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენოს. რუსთაველის გამზირზე რა პროცესები უნდა გადაიტანოს? საბაბი რა არის? თბილისელებს მთავარ გამზირს რატომ უკეტავენ? – საშინელ აგრესიას მიიღებენ. მათ საკუთარი სასახლეებიდან მართლა კინწის კვრით გამოყრიან. რუსთაველის გამზირის გადაკეტვას განსაკუთრებული მიზეზი უნდა ჰქონდეს, ასეთი იყო 9 აპრილი, 7 ნოემბერი, როცა ადამიანებს მართლა სული ამოხადეს და იყო ტირანია, ყოველი მესამე პრობაციონერი იყო. დღეს რა მიზეზი აქვთ? – ეკონომიკური პრობლემები გვაქვს და ვაღიარებთ, რაც გარშემო შექმნილი პრობლემების მთელი თაიგულია. ნახეთ, სხვადასხვა ქვეყნებში რა ხდება. ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალშია გახვეული, ევროპის შუაგულში დაპირისპირებაა. საქართველოში მშვიდობაა და ამას გავუფრთხილდეთ. რაღა დარჩა სააკაშვილს, ცოტა ხანიც გაუძლოს ოროთახიან პალატაში ყოფნას და გამოვა. საქართველოში ზოგიერთი ადამიანი ერთოთახიანში ცხოვრობს, ზოგი თავშესაფარში. მამუკა ხაზარაძეს ხან მევახშეს ეძახდა, ხან ემისარს და ლეგატს ევროპასა და ამერიკაში, რომ მას პროცესების პედალირება მოეხდინა. სააკაშვილს მოვუწოდებ, ქართველ ხალხს ნუ აღიზიანებს. ქართველი ხალხის რისხვის მეშინია. ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ეშინოდეს", - განაცხადა ოდიშარიამ.