ჩვენ რომ გავყოლოდით იმ მოთხოვნებს, რომლებსაც გვიყენებდა ოპოზიცია 2022 წლის დასაწყისიდან, საქართველოში გარდაუვალი იყო უკრაინიზაციის სცენარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგრძელდეს.
„მინდა, გავიხსენო ის პროცესები, რომლებიც გამოვიარეთ 2020 წლიდან და რა ელოდა ჩვენს ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ ვერ ავიღებდით საპარლამენტო უმრავლესობას 2020 წელს ან თუ ვერ მივიღებდით ხმების 43 პროცენტს თვითმმართველობის არჩევნებში, რაც გამოიწვევდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერ ავცდებოდით უკრაინის სცენარს. ჩვენ რომ გავყოლოდით იმ მოთხოვნებს, რომლებსაც გვიყენებდა ოპოზიცია 2022 წლის დასაწყისიდან, საქართველოში გარდაუვალი იყო უკრაინიზაციის სცენარი. შესაბამისად, ამ ჭრილში უნდა შევხედოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური კონკურენცია, გასული სამი წლის განმავლობაში ვიბრძოდით რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ ქვეყნის გადასარჩენად. აქ საკითხი ეხებოდა ქვეყნის გადარჩენას, ანალოგიურად დგას საკითხი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც. ჩვენი მხრიდან ეს განაპირობებს ხანდახან ხისტ დამოკიდებულებას, რომელსაც ვავლენთ ხოლმე რადიკალური ოპოზიციის მიმართ. კიდევ ერთხელ საქმე ეხება იმ ამოცანას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, მისი წინსვლა, განვითარება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება არის პრინციპულად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგრძელდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.