აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხმების 92%-ზე მეტი აიღო.
კომისიის ცნობით, დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 93.4%. ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა თითქმის 77%.
დანარჩენ კანდიდატებზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა - ზაჰიდ ორუჯმა მიიღო ხმების 2.19 პროცენტი, რაზი ნურულაევმა – 0.8 პროცენტი, ფაზილ მუსტაფამ – 2 პროცენტი, ელშად მუსაევმა – 0.67 პროცენტი, გუდრატ გასანგულიევმა – 1.76 პროცენტი, ფუად ალიევმა – 0.53 პროცენტი.
საბოლოო შედეგებს ცესკო ხვალ, 9 თებერვალს წარადგენს. ამის შემდეგ კომისია დოკუმენტებს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგენს. დადასტურების შემდეგ, კანდიდატი არჩეულად გამოცხადდება და ინაუგურაციის ცერემონია დაინიშნება.
არჩევნები მომავალ წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ ალიევმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მისი პოპულარობის ზრდის ფონზე დანიშნა, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.
ალიევი ხელისუფლებაში 2003 წლიდან იმყოფება. ალიევისთვის ეს უკვე ზედიზედ მეხუთე არჩევნებია. წინა 2018 წელს მან ხმების 86% მიიღო.