მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს დღეს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და, მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, მტკიცედ დადგა მშვიდობისა და განვითარების მხარეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა დღეს უნდა მოგვანიჭოს, ქართველი ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებულ ნდობას ეფუძნება. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ის, რომ საქართველოს დღეს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, პირველ რიგში, არის ბატონო ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგია ის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია.