პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობას თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნის ისტერიულად ეშინია. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ნაციონალური მოძრაობა იმავე მეთოდებით ცდილობს მისთვის სასარგებლო საარჩევნო გარემოს შექმნას, რითაც წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწია.
"ნაციონალურ მოძრაობას მეორე ტურის ისტერიული შიში აქვს. მეორე ტური რომ მათთვის დამღუპველია, ეს ნაციონალთა ოჯახში გაზრდილმა 3 წლის ბავშვმაც კი იცის. საარჩევნო ბარიერი 30% იქნება თუ 50%, მხოლოდ არითმეტიკის პრობლემა არ გახლავთ, ეს პრინციპია - ქალაქის მერს ირჩევს მოსახლეობის უმრავლესობა ან უმცირესობა. ვინაიდან ხელისუფლებას იმედი არ აქვს, რომ თბილისში რაიმე ტიპის ხმების უმრავლესობას მოაგროვებს, მისთვის ნაცადი ხერხებით ცდილობს თბილისის მერის უმცირესობით არჩევას, რაშიც 30%-ანი ბარიერი სჭირდება", განაცხადა ცისკარიშვილმა.