საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
გერმანიაში, ქალაქ დესაუში, 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს საქართველოსა და გერმანიის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ბორჯღალოსნების გამარჯვებით 28:17 დასრულდა.
გერმანიასთან დაპირისპირება განსაკუთრებული აღმოჩნდა „ბორჯღალოსნების“ კაპიტნის, მერაბ შარიქაძისთვის, რომელმაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მეასე მატჩი ითამაშა, რითაც საქართველოს მე-7, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 97-ე ცენტურიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ დესაუში გამართული შეხვედრა სადებიუტო იყო საქართველოს ნაკრების თავკაცის, რიჩარდ კოკერილისთვის, რომელიც „ბორჯღალოსნების“ მთავარ მწვრთნელად იანვარში დაინიშნა. გერმანიასთან მატჩი განსაკუთრებული აღმოჩნდა გიორგი ახალაძის, ლუკა ცირეკიძის, გიორგი მამაიაშვილის, გიორგი ქართველიშვილისა და დავით ხუროშვილისთვის - მათ სანაკრებო კვართი პირველად მოირგეს.
საქართველოს ნაკრები ტურნირის ორ თამაშს მასპინძლის სტატუსით გამართავს. 10 თებერვალს ის ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, 17 თებერვალს კი ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები 2-3 მარტს, ფინალი კი 17 მარტს პარიზში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ქართველებს ტურნირი თხუთმეტჯერ აქვთ მოგებული.