პარიზის 50-ე საიუბილეო გრანდ-სლემზე გიორგი ჩიხელიძემ საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 50-ე საიუბილეო გრანდ-სლემი მიმდინარეობს. 73 კგ წონით კატეგორიაში პრესტიჟული ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გიორგი ჩიხელიძე გახდა და საქართველოს 2024 წლის გრანდ-სლემზე პირველი მედალი მოუტანა. სპორტსმენი ფინალში იაპონელ ტაცუკი იშიჰარასთან დამარცხდა.
ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო და ფინალამდე ჩეხი, რუმინელი, ბრაზილიელი, მოლდოველი და უზბეკი სპორტსმენები დაამარცხა.
4 თებერვალს ტურნირზე მედლების მოპოვებას ვარლამ ლიპარტელიანი, მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ), საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი ( +100 კგ) შეეცდებიან.
გასულ წელს პარიზის გრანდ-სლემზე გამარჯვება ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) იზეიმეს, ლუკა მაისურაძემ (90 კგ) კი ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.