„არ ვიცი დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ ის დაიბრუნებს დონეცკსა და ლუჰანსკს“, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ Kanal Zero-თან ინტერვიუში განაცხადა.
"დღეს რუსეთი ცდილობს გაიმარჯვოს უკრაინაში. მე ასე ვიტყვი: თუ რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინის ტერიტორიებს, მაშინ ეს იქნება ფაქტობრივად რუსეთის გამარჯვება და მაშინ რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის ალბათობა ძალიან დიდი იქნება", - განაცხადა დუდამ.
ყირიმის შესახებ შეკითხვაზე დუდამ უპასუხა, რომ არ იცის დაიბრუნებს თუ არა მას უკრაინა.
„არ ვიცი დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ ის დაიბრუნებს დონეცკსა და ლუჰანსკს“, - თქვა მან.
დუდას თქმით, ყირიმი არის „განსაკუთრებული ადგილი, მათ შორის ისტორიული მიზეზების გამო... რადგან სინამდვილეში, თუ ისტორიულად გადავხედავთ, ის დიდი ხნის განმავლობაში იყო რუსეთის ხელში”, - თქვა ანჯეი დუდამ.
დუდას განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთში უკრაინის ელჩი ვასილი ზვარიჩი. „ყირიმი უკრაინაა, ასეა და ასე იქნება“, - განაცხადა ელჩმა.
„საერთაშორისო სამართალი არის საფუძველი. რუსეთის მიერ ყირიმის დროებითი ოკუპაცია არის სამხედრო დანაშაული, რისთვისაც ის დაისჯება. ყირიმის დეოკუპაცია არის ჩვენი საერთო ამოცანა და პასუხისმგებლობა თავისუფალ სამყაროსთან. ჩვენ ამას გავაკეთებთ უდავოდ. ჩვენ გვჯერა და ვმოქმედებთ ერთად“, - განაცხადა ზვარიჩმა.