უკრაინის ხელისუფლებამ თეთრ სახლს აცნობა უკრაინის შეიარაღებული ძალების თანამდებობიდან გენერალ ვალერი ზალუჟნის გადაყენების გადაწყვეტილების შესახებ. იუწყება Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
თავდაპირველად ეს ინფორმაცია Washington Post-მა გაავრცელა.
ზელენსკის ოფისთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ პრეზიდენტსა და მთავარსარდალს ჰქონდათ უთანხმოება მობილიზაციის ახალ ტალღასთან დაკავშირებით. ზელენსკიმ არ დაუჭირა მხარი ზალუჟნის წინადადებას კიდევ 500 000 ჯარისკაცის გამოძახების შესახებ.
წყაროს თქმით, ზალუჟნის გადაყენების პროცედურა შეჩერებულია, ვიდრე მის შემცვლელს არ იპოვნიან.
მეორე ინფორმირებული წყაროს თქმით, თეთრ სახლს არ გამოუთქვამს რაიმე პოზიცია ზალუჟნის შეცვლის გეგმასთან დაკავშირებით.
"თეთრმა სახლა თქვა, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ან ვეწინააღმდეგებით მათ სუვერენულ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა წყარომ ანონიმურობის დაცვის პირობით.
"თეთრმა სახლმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა თავად იღებს სუვერენულ გადაწყვეტილებებს თავის პერსონალთან დაკავშირებით", - დასძინა წყარომ.
ცოტა ხნის წინ, CNN-ის წყარო ამტკიცებდა, რომ ზალუჟნის შემცვლელებად ორი კანდიდატი განიხილება - სახმელეთო ჯარების მეთაური, 58 წლის ოლექსანდრ სირსკი და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, 38 წლის კირილ ბუდანოვი.
მანამდე, გამოცემა The Times-ი იუწყებოდა, რომ სირსკიმ და ბუდანოვმა უარი თქვეს, ზალუჟნის გადაყენების შემდეგ მისი თანამდებობა დაეკავებინათ, რამაც ზელენსკი აიძულა, უკან დაეხია.
დასავლური მედია, მათ შორის BBC, New York Times-ი, Washington Post-ი, წერდა, რომ, 29 იანვარს ზელენსკიმ ზალუჟნის ახალი თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა. წყაროს თქმით, ზელენსკიმ მთავარსარდალს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, დათანხმდებოდა თუ არა შეთავაზებას, ის მაინც დაკარგავდა ამჟამინდელ თანამდებობას.
ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 2021 წელს გახდა. 2023 წლის შემოდგომაზე მედიაში გაჩნდა ინფორმაცია მასსა და ზელენსკის შორის კონფლიქტის შესახებ. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მთავარსარდალმა The Economist-ს განუცხადა, რომ ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა. პრეზიდენტი საჯაროდ არ დაეთანხმა ამ კომენტარს და შეწყვიტა უშუალო კომუნიკაცია მთავარსარდალთან.
პრეზიდენტსა და არმიის მეთაურს შორის წინააღმდეგობები წარმოიშვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, ამბობს ზელენსკის ოფიციალური ბიოგრაფი, Time-ის ჟურნალისტი საიმონ შუსტერი. კერძოდ, ზალუჟნი მხარს უჭერდა საყოველთაო მობილიზაციას და რუსეთთან საზღვრების გაძლიერებას, ხოლო ზელენსკი შიშობდა, რომ ასეთი ზომები საზოგადოებაში პანიკას გამოიწვევდა.