უკრიანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერ იპოვა ვალერი ზალუჟნის შემცვლელი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე. იუწყებიან The Times-ი და The Economist-ი წყაროებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, 29 იანვარს ზელენსკიმ ზალუჟნის ახალი თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა. წყაროს თქმით, ზელენსკიმ მთავარსარდალს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, დათანხმდებოდა თუ არა შეთავაზებას, ის მაინც დაკარგავდა ამჟამინდელ თანამდებობას.
მედიასაშუალებების ცნობით, ზალუჟნის შემცვლელებად ზელენსკი ორ კანდიდატს განიხილავდა - სახმელეთო ჯარების მეთაურს, 58 წლის ოლექსანდრ სირსკის და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს, 38 წლის კირილ ბუდანოვს.
როგორც იუწყებიან, ორივე კანდიდატმა უარი განაცხადა შეთავაზებაზე, რამაც ზელენსკი აიძულა, უკან დაეხია.
ზალუჟნის შესაძლო გადადგომამ შეაშფოთა უკრაინის არმიის მაღალი რანგის ოფიცრები და კიევის საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი.
"ზელენსკიმ უნდა გაიგოს, რომ სამხედროები ენდობიან ზალუჟნის და თუ პრეზიდენტს სურს, რომ სამხედროები მას ენდონ, მან უნდა ისწავლოს ზალუჟნის ნდობა", - აღნიშნა The Times-თან საუბარში ერთ-ერთმა წყარომ.
გამოცემის თანახმად, ზელენსკის და ზალუჟნის შორის გადადგომაზე საუბარი მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა პრეზიდენტს განუცხადა, რომ ფრონტზე ვითარება შორს იყო ისეთი პოზიტიურისაგან, როგორც ამას პრეზიდენტის აპარატი აფასებდა.
ასე რომ, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის მოხდება თანამდებობიდან ზალუჟნის გათავისუფლება, დაიკავებს თუ არა სხვა თანამდებობას ის და ვის შეუძლია შეცვალოს იგი მთავარსარდლის პოსტზე.
ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 2021 წელს გახდა. 2023 წლის შემოდგომაზე მედიაში გაჩნდა ინფორმაცია მასსა და ზელენსკის შორის კონფლიქტის შესახებ. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მთავარსარდალმა The Economist-ს განუცხადა, რომ ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა. პრეზიდენტი საჯაროდ არ დაეთანხმა ამ კომენტარს და შეწყვიტა უშუალო კომუნიკაცია მთავარსარდალთან.
პრეზიდენტსა და არმიის მეთაურს შორის წინააღმდეგობები წარმოიშვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, ამბობს ზელენსკის ოფიციალური ბიოგრაფი, Time-ის ჟურნალისტი საიმონ შუსტერი. კერძოდ, ზალუჟნი მხარს უჭერდა საყოველთაო მობილიზაციას და რუსეთთან საზღვრების გაძლიერებას, ხოლო ზელენსკი შიშობდა, რომ ასეთი ზომები საზოგადოებაში პანიკას გამოიწვევდა.