აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება მხოლოდ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
"თუ სომხეთი დაასრულებს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და შეიტანს ცვლილებებს კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში, მშვიდობის დამყარება შესაძლებელი იქნება". - თქვა ალიევმა.
ალიევის თქმით, სომხეთის პრეტენზიები აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში დაფუძნებულია აზერბაიჯანის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის არაღიარებაზე, ყარაბაღის აზერბაიჯანისგან გამოყოფაზე.
ამასთან, ალიევმა დასძინა, რომ ქვეყნებს შორის "დე ფაქტო მშვიდობა უკვე მიღწეულია" და "რამდენიმე თვეა მათ საზღვარზე მშვიდობიანი ვითარება სუფევს".
"მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების დასრულება", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკვე ისაუბრა სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე.
7 დეკემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს, რომელშიც განაცხადეს შემდგომი ნაბიჯების შესახებ ურთიერთობების ნორმალიზებისა და მშვიდობის დამყარებისთვის.