2023 წელს ევროპულმა დეპოზიტარმა Euroclear-მა მიიღო 4.4 მილიარდი ევროს შემოსავალი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის გადაწყვეტილებით გაყინული რუსული აქტივებიდან.
ამის შესახებ ნათქვამია Euroclear-ის ფინანსური შედეგების ანგარიშში, რომელიც 1-ელ თებერვალს გამოქვეყნდა.
დეპოზიტარი განაგებს რუსულ საგარეო აქტივებს, რომლის ღირებულება 191 მილიარდი ევროა.
Euroclear-ში განთავსებულია დასავლეთის მიერ სულ გაყინული 260 მილიარდი ევროს ორი მესამედი.
იანვრის ბოლოს, ევროკავშირის ქვეყნებმა პრინციპების დონეზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროკომისიის გეგმას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.
წინასწარ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, მოგება გადაირიცხება სპეციალურ ფონდში და იქ დარჩება მანამ, სანამ ევროკავშირის ქვეყნები ერთხმად არ დაეთანხმებიან მათ გამოყენებას უკრაინის აღსადგენად.
მიღწეული შეთანხმებით, რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები ცალკე აღირიცხება და აქციონერები დივიდენდების მიღებას ვერ შეძლებენ.
მანამდე, ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევას, რასაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები, რადგან "ასეთი გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით ზედმეტად სარისკოდ გამოიყურება".
ევროკავშირის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ სახელმწიფო აქტივების უპრეცედენტო კონფისკაცია შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს ბლოკის სამართლებრივ ჩარჩოს. ამასთან, მხედველობაში იღებენ მოსკოვის მუქარას, რომელიც აცხადებს, რომ მიიღებს საპასუხო ზომებს და რუსეთში დასავლური აქტივების კონფისკაციას მოახდენს, რაც ზოგიერთი შეფასებით დაახლოებით 288 მილიარდი დოლარია.