თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან ირაკლი კობახიძისგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს ნატო-ში საქართველოს ელჩის თანამდებობა.
ბურჭულაძის განცხადებით, სავარაუდოდ დათანხმდება ამ შეთავაზებას.
„13 წელია, საჯარო მოხელე ვარ, ეს არის ძალიან ბევრი. სამი როტაცია ჩავატარე, ოთხ წელიწად-ნახევარი ვიმუშავე სამ უწყებაში. ეს ერთი. მეორე – იცით, მყავს დიდი ოჯახი და მივიღე შემოთავაზება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ახალ პრემიერ-მინისტრს, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება ოთხი თვის შემდეგ. მე სავარაუდოდ დავთანხმდები ამ თანამდებობას, თუმცა მაქვს ფიქრის დრო. ეს ოთხი თვე იქნება ჩემთვის ასე ვთქვათ, თან დასვენების პერიოდი ამ 13-წლიანი საჯარო მოხელეობისგან, ასევე მივიღებ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განხორციელდება და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
კობახიძის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადადგომის გადაწყვეტილება თავისი სურვილით მიიღო.