უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გადააყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გენერალ ვალერი ზალუჟნის. იტყობინება CNN ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტში გამარულ შეხვედრაზე, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის თანდასწრებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
CNN-ის წყაროს მტკიცებით, ზალუჟნის შემცვლელებად ორი კანდიდატი განიხილება - სახმელეთო ჯარების მეთაური, 58 წლის ალექსანდრ სირსკი და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, 38 წლის კირილ ბუდანოვი.
მანამდე, გამოცემა The Times-ი იუწყებოდა, რომ სირსკიმ და ბუდანოვმა უარი თქვეს, ზალუჟნის გადაყენების შემდეგ მისი თანამდებობა დაეკავებინათ, რამაც ზელენსკი აიძულა, უკან დაეხია.
ამასთან, The Times-ი წერდა, რომ ზალუჟნის შესაძლო გადადგომამ შეაშფოთა უკრაინის არმიის მაღალი რანგის ოფიცრები და კიევის საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი.
დასავლური მედია, მათ შორის BBC, New York Times-ი, Washington Post-ი, წერდა, რომ, 29 იანვარს ზელენსკიმ ზალუჟნის ახალი თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა. წყაროს თქმით, ზელენსკიმ მთავარსარდალს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, დათანხმდებოდა თუ არა შეთავაზებას, ის მაინც დაკარგავდა ამჟამინდელ თანამდებობას.
ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 2021 წელს გახდა. 2023 წლის შემოდგომაზე მედიაში გაჩნდა ინფორმაცია მასსა და ზელენსკის შორის კონფლიქტის შესახებ. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მთავარსარდალმა The Economist-ს განუცხადა, რომ ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა. პრეზიდენტი საჯაროდ არ დაეთანხმა ამ კომენტარს და შეწყვიტა უშუალო კომუნიკაცია მთავარსარდალთან.
პრეზიდენტსა და არმიის მეთაურს შორის წინააღმდეგობები წარმოიშვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, ამბობს ზელენსკის ოფიციალური ბიოგრაფი, Time-ის ჟურნალისტი საიმონ შუსტერი. კერძოდ, ზალუჟნი მხარს უჭერდა საყოველთაო მობილიზაციას და რუსეთთან საზღვრების გაძლიერებას, ხოლო ზელენსკი შიშობდა, რომ ასეთი ზომები საზოგადოებაში პანიკას გამოიწვევდა.