ძალიან მახარებს, ეს არის ძალიან დიდი კომპლიმენტი და იმის ნიშანი, რომ, დიახ, 2-კაციანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, „ლელომ“ გაცილებით მეტი გააკეთა, შეძლო პარლამენტში დღის წესრიგის შექმნა, რაც ვერ შეძლო უმრავლესობით წამროდგენილმა „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებაზე, რომ „არსებობს „ჩიხუახუას სინდრომი“, ჩიხუახუა ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს, ვფიქრობ, ამ სინდრომით არის დღეს „ლელო“ წარმოდგენილი“.
ნაცვლიშვილის თქმით, ორი-სამი დეპუტატითაც კი, „ლელო“ ახერხებს საპარლამენტო დღის წესრიგის შექმნას.
„ეს ძალიან აშფოთებს პარლამენტის თავმჯდომარეს და აღიზიანებს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, პარლამენტი ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეებს. რაკი „ოცნება“ არ აკეთებს, ჩვენ გავაკეთებთ ამას ყოველდღიურად“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.