ვფიქრობ, „ლელო“ დღეს „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ზოგადად, „ლელო“ საინტერესო მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში.
„ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა რაც არის, თუკი დააკვირდებით, არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში მათ მიიღეს მოსახლეობის სამი პროცენტის ხმა და ერთ წელიწადში შეძლეს, რომ ჩამოვიდნენ ორ პროცენტამდე. ამის შემდეგ, რატომღაც სულ დიდ გულზე არიან და ჰგონიათ, რომ მათ უნდა განსაზღვრონ პოლიტიკური დღის წესრიგი. არსებობს ასეთი, „ჩიხუახუას სინდრომი“. იცით, რომ ჩიხუახუა ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს იმ მხრივ, რომ თავის ზომაზე აქვს გადაჭარბებული წარმოდგენა, შეებრძოლება ხოლმე სხვა ზომის ცხოველებს და საბოლოო ჯამში, ადეკვატურად ვერ აფასებს საკუთარ ზომასა და წონას. ვფიქრობ, ამ სინდრომით არის დღეს „ლელო“ განსაკუთრებით წარმოდგენილი. გუშინ ვნახეთ, რომ პარლამენტში ორ დეპუტატს უნდა განსაზღვროს პარლამენტის დღის წესრიგი. თან ამას ისეთ ტონალობაში, ისეთი ჰონორით, ისეთი ეგოთი წარმოაჩენენ, რომ უკვე ირონიისა და სიცილის გარდა, მგონი, სხვა ემოციას არ იწვევს. ეს ისე, ხუმრობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.