თინა ხიდაშელის ორგანიზაცია არის „ენჯეოს“ ფუტლარში ჩადებული ლობისტური კომპანია, რომელიც პირდაპირ იღებს ფულს სეპარატისტული მთავრობისგან იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, დააზიანოს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„ეს ორგანიზაცია ბოლო პერიოდში ისე არის წარმოჩენილი, როგორც ერთ-ერთი, მათვე უყვართ ხოლმე თქმა, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია. სინამდვილეში, ეს არის „ენჯეოს“ ფუტლარში ჩადებული ლობისტური კომპანია, რომელიც პირდაპირ იღებს ფულს სეპარატისტული მთავრობისგან იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, დააზიანოს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები. ამასთანავე, იცით, რომ ტაივანის ინტერესი არის მისი აღიარება და ამას ცდილობს ის, ისევე, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ცდილობენ. რა თქმა უნდა, ეს ინტერესიც არის ჩადებული ამ დაფინანსებაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, განსაკუთრებულად სკანდალურია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფინანსდება სეპარატისტული რეჟიმისგან იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები.
„საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არის ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობები და სწორედ ამ ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს ეს ლობისტური კომპანია, რომელიც „ენჯეოს“ ფორმაში არის შენიღბული სეპარატისტული რეჟიმის დაფინანსებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.