ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ რუსი მოციგურავის კამილა ვალიევას დისკვალიფიკაციის შემდეგ, ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა გადახედა პეკინის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ფიგურულ სრიალში შეჯიბრების საბოლოო შედეგებს.
რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნაკრებმა ოლიპიურ თამაშებზე მიიღო 74 ქულა, რასაც ვალიევას დისკვალიფიკაციის გამო გამოაკლდა 20 ქულა და საბოლოო 54 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.
ამრიგად, პირველ ადგილზე გავიდა აშშ-ის ნაკრები 65 ქულით, ხოლო იაპონელი მოციგურავეები 63 ქულით. ამასთან, ვალიევას გაუუქმდა პეკინის ოლიმპიადის ერთეულთა ტურნირში მიღწეული შედეგი და ჩამოერთვა მეოთხე ადგილი.
გარდა ამისა, ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა ვალიევას ჩამოართვა ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედალი.
კავშირის განცხადებით, დოპინგთან ბრძოლა არის ორგანიზაციის უმაღლესი პრიორიტეტი.
29 იანვარს სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომა ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, კამილა ვალიევას 4 წლით დისკვალიფიკაცია მოახდინა. ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 25 დეკემბრიდან.
სასამართლოს განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილების დროს, სპორტსმენი კარგავს ყველა ტიტულს, ჯილდოს, მედალს, მოგებასა და პრიზს.
როგორც გადაწყვეტილებაში წერია, ვალიევამ ვერ დაამტკიცა, რომ დოპინგი განზრახ არ მიუღია.
2022 წლის თებერვალში საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ (ITA) ვალიევას დოპინგ ნიმუშში აღმოაჩინა აკრძალული ნივთიერების ტრიმეტაზიდინის კვალი. რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ აკრძალული ნივთიერება 15 წლის მოციგურავეს ორგანიზმში შემთხვევით მოხვდა ბაბუისგან, რომელიც ტრიმეტაზიდინს იღებდა.