ირაკლი კობახიძე პრემიერის თანამდებობაზე იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, პრემიერ-მინისტრი პირველად შეირჩევა პარლამენტის წიაღიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორია როგორც იდეების გენერირებაში, ისე პოლიტიკური პროცესების მართვაში. ამიტომ მისი სახით, აღმასრულებელ ხელისუფლებას განსაკუთრებულად ძლიერი ადამიანი ეყოლება როგორც მართვაში, ისე პოლიტიკურ ხედვებში, რაც მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო ამბიციურ ხედვებს მივაღწიოთ ქვეყნის განვითარებაში. პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი კობახიძე თუ დაიკავებს, ეს იქნება უნიკალური და წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, რადგან მას შემდეგ, რაც საპარლამენტო სისტემაზე მოხდა გადასვლა, პირველად ქართულ დემოკრატიაში პარლამენტის წიაღიდან იქნება წასული პრემიერ-მინისტრი. ეს არის წესი და სტანდარტი, რომელიც, მათ შორის ევროპულ ქვეყნებშია. ხარისხობრივად ახალ დონეზე ავა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა, როცა პრემიერ-მინისტრი არის პარლამენტის ყოფილი წევრი. მან სხვანაირად იცის შიდა საპარლამენტო დისკუსიები. ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც საინტერესო და კარგი გამოცდილება იქნება, როცა პრემიერი იქნება მათი ყოფილი კოლეგა. ჩვენ ქართული დემოკრატიის განვითარებაში ამ გამოცდილებითაც წინ წავიწევთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.