პაკისტანის სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს იმრან ხანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სახელმწიფო საიდუმლოების გამხელისთვის. იტყობინება Associated Press.
მოსმენა გაიმართა ქალაქ რავალპინდის ციხეში, სადაც ხანი ამჟამად იხდის სამწლიან სასჯელს კორუფციის საქმეზე.
ხანის გარდა, სასამართლომ გაასამართლა მისი პარტიის, "სამართლიანობის მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე შაჰ მეჰმუდ ყურეში. მას ასევე მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პროკურატურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, იმრან ხანი სიტყვით გამოვიდა აქციაზე კონფიდენციალურ დოკუმენტებთან ერთად, სადაც განაცხადა, რომ მისი გადადგომა "აშშ-ის მიერ ორგანიზებული შეთქმულების" შედეგი იყო.
პროკურატურის განცხადებით, დოკუმენტი წარმოადგენდა დიპლომატიური მიმოწერას შეერთებულ შტატებში პაკისტანის ელჩსა და პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომლის გასაჯაროების უფლება ხანს არ ჰქონდა.
2023 წლის ზაფხულში პაკისტანის სასამართლომ ხანი დამნაშავედ ცნო კორუფციაში და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე, რომელშიც ხანი იყო ჩართული, ეხებოდა საჩუქრებს, რომლებიც მან მიიღო პაკისტანის პრემიერ-მინისტრობის დროს.
თავად იმრან ხანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან ჩამოშორების მიზნით, პაკისტანის ოპოზიცია შეკრული იყო ვაშინგტონთან. ხანის თქმით, ვაშინგტონი უკმაყოფილო იყო მისი "დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკით, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ სიმპათიებით გამოირჩეოდა".