საქართველოს გამოწვევა და პრობლემა არ არის პოლარიზაცია, საქართველოში არის რადიკალიზაციის პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
„საქართველოს გამოწვევა და პრობლემა არ არის პოლარიზაცია. ზოგადად, პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის ნაწილია. დისკუსიაში გარკვეული სიუხეშე ყველა ქვეყანაშია, მათ შორის სოციალური ქსელების ფართო გამოყენებიდან გამომდინარე, თუმცა პოლარიზაცია პრობლემაა მაშინ, როცა სახელმწიფო და ხელისუფლება გადაწყვეტილება უუნაროა, როცა პრობლემებია გადაწყვეტილებების მიღებაში. საქართველოში მსგავსი რამ არ არის. მყარი უმრავლესობა გვაქვს პარლამენტში, მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს. საქართველოში არის რადიკალიზაციის პრობლემა. ოპოზიციას არ სურს, ხელისუფლების ლეგიტიმაცია აღიაროს. ოპოზიციას სურს, ხელისუფლებაში სხვა მეთოდებით მოვიდეს, ვიდრე ეს არის დემოკრატიული მეთოდები. ამიტომ, პოლარიზაცია – პოლარიზაციად, მაგრამ ჩვენი პრობლემა და გამოწვევა არა პოლარიზაციაში, არამედ რადიკალიზაციაშია. სხვადასხვა ქვეყანაში გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, მათ შორის იყო უკრაინის დახმარების შესახებ, რაც არის პრობლემა, როცა გადაწყვეტილებები ვერ მიიღება. საქართველოში ეს არ არის პრობლემა, პრობლემაა რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.