„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მმართველი გუნდი ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულებასაც იმავე სტილით აპირებს, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს პროცესი არაფრით იქნება განსხვავებული 12 პუნქტის შესრულებისგან.
„სიმართლე გითხრათ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, არ ვიცი, დილის 07:00 საათზე ღირდა თუ არა ამ საქმეზე ადგომა და მოსვლა, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, ეს პროცესი არაფრით იქნება განსხვავებული 12 პუნქტის შესრულებისგან, რადგან, მმართველი გუნდის აზრით, 12 პუნქტი ბრწყინვალედ შევასრულეთ და სტატუსი მივიღეთ. ცხრა რეკომენდაციის შესრულებასაც იმავე სტილით აპირებენ, როგორც 12 პუნქტი შესრულდა. მქონდა კითხვა, როგორ ვაგვარებთ დეპოლარიზაციას, პასუხი იყო, ხომ გვესმის, პოლარიზაცია დემოკრატიის ნაწილია, ჩვენი ამოცანა დეპოლარიზაცია არ არისო. მგონი, არაფერი ისე არ იცვლება, რომ ქართველმა ხალხმა განსხვავება იგრძნოს. შინაარსით ისეთივე ფორმალიზებული პროცესია, როგორც 12 პუნქტზე იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტში ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა დილიდან მიმდინარეობს.