შთაბეჭდილება მექმნება, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ ანგარიშის ქართველი ავტორები გაბრაზებული იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„შთაბეჭდილება მექმნება, რომ კონკრეტულად ეს ორგანიზაციები, რომლებიც შეფასების ავტორები არიან, გაბრაზებული იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან ამ შეფასებას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. უბრალოდ, სერიოზულიც არ არის იმის განხილვა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება. ამ ორგანიზაციებმა ჩახედონ, მათ შორის ევროკომისიის შეფასებას, რომელიც ეხება იმას, დემოკრატიის მიმართულებით ვინ სად არის. ასევე, ჩახედონ ყველა ავტორიტეტულ შეფასებას, რეიტინგებს და ნახავენ, სადა არის საქართველო და ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, გაბრაზებულებმა ქართველ ხალხსა და საქართველოზე იყარეს ჯავრი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსმა“ ანგარიში გამოაქვეყნა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილზეა. დოკუმენტშის თანახმად, კვლევის ავტორებმა იხელმძღვანელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მხარდაჭერითა და სხვადასხვა ქვეყნის 65 ადგილობრივი ექსპერტის გამოცდილებით.