საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელშიც მან უკაყოფილება გამოთქვა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას, სარჯველაძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილმა თვითონ მოისპო შესაძლებლობა, კონსტრუქციული წვლილის შემტანი ყოფილიყო მიმდინარე პროცესებში.
„რეალურად, ეს იყო წარმატებული ვიზიტი, წარმატებული თანამშრომლობის რეზულტატები, რაც იხილა საზოგადოებამ. არ ვიცი, მას კიდევ რითი უნდა გაემდიდრებინა ეს ყველაფერი. რეალურად, თვითონაც არაფერი აქვს სათქმელი ამასთან დაკავშირებით. არ დაგვავიწყდეს, რომ ზურაბიშვილმა თვითონ მოისპო შესაძლებლობა, კონსტრუქციული წვლილის შემტანი ყოფილიყო ამ პროცესებში, მათ შორის შეუთანხმებელი ნაბიჯებით, გახსოვთ, ეს იყო მთავარი ფაქტორი, რამაც მიიყვანა მდგომარეობა იქამდე, რომ აუცილებელი გახდა იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება. ეს პროცედურა დასრულდა ფორმალურად არაშედეგიანად, მაგრამ შინაარსობრივად ეს იყო შედეგის მომტანი. მე აბსოლუტურად ლოგიკურად თანმიმდევრული მგონია ხელისუფლების დამოკიდებულება, როდესაც ის ცდილობს, ზურაბიშვილთან თანამშრომლობა არ შედგეს. არ არის ამის საჭიროება, არც მიზეზი და არც საფუძველი. ფორმალური აუცილებლობა და ფორმატები სადაც არ არსებობს თანამშრომლობის, ხელისუფლებას სხვა ინტერესი ვერ ექნება, ხელისუფლებას, რომელმაც თქვა და დაარქვა სახელი ზურაბიშვილის „მოღვაწეობას“, როგორც მიზეზი იმპიჩმენტისა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს 26 იანვარს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავრობამ მას არ მისცა შესაძლებლობა, შეხვედროდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მისთვის ემასპინძლა.