დევნილ ბავშვებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და ფონდმა "წამი" კინოთეატრ "საქართველოში" უმასპინძლა, სადაც საახალწლო სანახაობა მოეწყო. ასევე ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და ფილმების პრემიერას დაესწრნენ.
ახალი ქართული ანიმაციური ფილმების - "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები" ჩვენებას 60 ბავშვი დაესწრო. კრებული 11 ანიმაციური ფილმისგან შედგება, რომელიც სხვადასხვა ხალხის მითებსა და ლეგენდებს ეხება. ბავშვებმა ფილმის დასრულების შემდეგ "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების" DVD კრებული საჩუქრად მიიღეს.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის მუსიკოსი ზაზა კორინთელი (ზუმბა) იყო, რომელსაც მინისტრმა კობა სუბელიანმა მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. სუბელიანი ფილმების ჩვენებას დევნილ ბავშვებთან ერთად დაესწრო.
"მადლობა ზუმბას, რომ მსგავსი ღონისძიებებით გვანებივრებს. ყველა ორგანიზაციის მსგავს წამოწყებას მივესალმები. ძალიან ბევრი დევნილი ბავშვი გვყავს, როგორც აფხაზეთიდან, ისე ცხინვალის რეგიონიდან და მათთვის ყველა შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით დავთანხმდებით, რომ ჩვენი ბავშვები გავახაროთ", - აღნიშნა სუბელიანმა.
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან "ანიმაციის განვითარების ფონდი" და "მიფასი ფილმი".