"10-12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმმა მხოლოდ გააღარიბა ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, ფასების კატასტროფული ზრდა მიდის, მაღალ ანაზღაურებადი და ღირსეული სამუშაო ადგილები აღარ იქმნება და ყველაფრის ამის მიზეზი არის ის რეჟიმი, რომელიც დღეს საქართველოშია", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი კომენტარს აკეთებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე, რომლის მიხედვითაც საქართველო მესამე ადგილზეა, გვასწრებენ მოლდოვა და უკრაინა;
"ეს პრაქტიკულად გახლავთ ევროკავშირთან თავსებადობის ინდექსი, რამდენად ახლოს არის საქართველო თავისი სისტემით, დემოკრატიით, კანონის და სამართლის უზენაესობით, ეკონომიკით, მდგრადი განვითარებით, ანუ ისევ და ისევ ცხოვრების სტანდარტის სტაბილური ზრდით ევროკავშირში ქვეყნებთან დაახლოებული და ცხადია, ეს ყველამ ვიცით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ვინც საქართველოს აკვირდება და მონიტორინგს ახორციელებს, რომ 10-12 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმმა მხოლოდ გააღარიბა ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, ფასების კატასტროფული ზრდა მიდის, მაღალ ანაზღაურებადი და ღირსეული სამუშაო ადგილები აქ არ იქმნება და ყველაფრის ამის მიზეზი არის ის რეჟიმი, რომელიც დღეს საქართველოშია, რომელიც არ აძლევს საშუალებას დემოკრატიის განვითარების, რადგან მათ დემოკრატია მთავარ საფრთხედ წარმოუდგენიათ. როგორც კი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ, პირველივე მოსახვევში დამარცხდებიან, აქედან გამომდინარე აუცილებელია და სულ რამდენიმე თვე დარჩა მნიშვნელოვან, მართლაც ისტორიულ არჩევნებამდე, როდესაც ეს რეჟიმი უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას, გადავიდნენ ოპოზიციაში და ახალმა, ოპოზიციისგან დაკომპლექტებულმა კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს ქვეყანა, რომელიც ძალიან სწრაფად შევიყვანთ საქართველოს ევროკავშირში", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.