"ნატოსადმი ჩემი რეკომენდაცია იქნება, სასწრაფოდ დაიწყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ალიანსში გაწევრიანების პროცესი" - ამბობს ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი "ამერიკის ხმასთან" საუბარში.
კურტ ვოლკერის განცხადებით, "ხუთი ან მეტი წლის წინ, ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გზაზე, საქართველოს ყველა მოწინავედ მიიჩნევდა. ახლა მოწინავე პოზიციაზე უკრაინაა, საქართველო მას ჩამორჩება".
"ხუთი ან მეტი წლის წინ, ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გზაზე, საქართველოს ყველა მოწინავედ მიიჩნევდა, უკრაინა კი იმავე პოზიციაში არ იყო. ახლა ეს შეიცვალა. მოწინავე პოზიციაზე უკრაინაა, საქართველო მას ჩამორჩება. ვფიქრობ, მიზეზი ისაა, რომ საქართველო გაცილებით პატარა ქვეყანაა და ბევრად უფრო აშფოთებს რუსეთის მხრიდან მისი დასჯა, ის რომ შესაძლოა რუსეთმა კიდევ რაიმე ცუდი გაუკეთოს საქართველოს, თუ ის რუსეთთან დაპირისპირებულ პოზიციაში იქნება, ან ამ ინსტიტუტებისკენ ძალიან სწრაფად დაწინაურდება. ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, სურს იყოს ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი, რადგან ეს იქნება უსაფრთხოების და ქვეყნის მომავლის კეთილდღეობის გარანტი. მაგრამ, იქ მოხვედრა დელიკატური პროცესია და საქართველოს ხელისუფლებას ახლა სურს ძალიან ფრთხილი იყოს. შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ ამას, მაგრამ ვფიქრობ, გასაგებია რატომ შეიძლება სურდეთ ფრთხილობდნენ. ამან გამოიწვია სიტუაცია, როდესაც უკრაინა მართლაც ლიდერია. ეს ამ ინსტიტუტებს, ევროკავშირსა და ნატოს აკისრებს პასუხისმგებლობას მოიქცნენ ისე, როგორც ევროკავშირი მოიქცა, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რათა ქვეყანა ზედმეტად უკან არ დარჩეს", - ამბობს კურტ ვოლკერი.
კურტ ვოლკერი ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანება, ზოგადად, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საკითხი, რაზეც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთი, საჯაროდ გაცხადებული პოზიცია უნდა ჰქონდეთ.
„ვფიქრობ, არის ზოგიერთი რამ, რასაც საქართველოს მთავრობა და ოპოზიცია ერთად უნდა ამბობდნენ - რომ ნატო რჩება საქართველოს გრძელვადიან მისწრაფებად და მომავალში, საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად. ვფიქრობ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან, ამ საჯარო პოზიციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ქართველებმა უნდა იამაყონ იმ წვლილით, რომელიც წარსულში საქართველომ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში შეიტანა. ნათელი უნდა იყოს, რომ საქართველოს აქვს ნება, შესაბამისი გარემოებების შექმნის შემთხვევაში, მომავალშიც იგივე გააკეთოს. ამის გათვალისწინებით, ცხადი უნდა იყოს პოზიცია, რომ საქართველოს სურს ნატოსთან მუშაობა, რათა უზრუნველყოს თავისი სამხედრო ძალების მაქსიმალური მომზადება. უნდა შენარჩუნდეს სწავლებისა და მომზადების ტემპი, რასაც საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ძალიან, ძალიან კარგად აკეთებდა. ეს არ იქნება ნატოს დაუყოვნებელი წევრობის საფუძველი მაგრამ ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს და მის სამხედრო ძალებს ჰქონდეს ნატოსთან და გლობალურ უსაფრთხოებასთან თავსებადობა, რაც მას მომავალში მიმზიდველ მოკავშირედ აქცევს“, - ამბობს ვოლკერი.
ვოლკერის თქმით, მნიშვნელოვანია, ვაშინგტონის სამიტზე ალიანსს ჰქონდეს მკაფიო გზავნილი მოსკოვისთვის, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მათი უსაფრთხოება დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია.
„[ალიანსისადმი] ჩემი რეკომენდაცია იქნება, სასწრაფოდ დაიწყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ნატოში გაწევრიანების პროცესი. ეს დაუყოვნებლივ არ მოხდება, პროცესი მოიცავს მოლაპარაკებებს, რატიფიკაციის ეტაპს. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ რუსეთს, რომ ეს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მათი უსაფრთხოება დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვსურს, ისინი კვლავაც რუხ ზონებში იყვნენ, სადაც პუტინი გრძნობს, რომ შეუძლია უბრალოდ თავს დაესხას, დაიკავოს ტერიტორიები და ისინი რუსეთის დომინაციის ქვეშ შეინარჩუნოს. ეს პროცესი ვაშინგტონში უნდა დავიწყოთ. ვიტყოდი, რომ კონკრეტულად უკრაინის შემთხვევაში, წევრობისთვის მოწვევის თაობაზე, მკაფიო განცხადება უნდა გაკეთდეს“, - თქვა ვოლკერმა.