საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება ოკუპირებულ სოხუმში გალერეაში გაჩენილ ხანძარს, რომელმაც აფხაზ ხელოვანთა "ოქროს ფონდი" თითქმის სრულად გაანადგურა.
პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარი არის შედეგი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ დე ფაქტო ხელმძღვანელობისა და რუსი ოკუპანტების მხრიდან გამოჩენილი უგულვებელყოფისა.
"ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა.
სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, "ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე".