ჩვენ დავინახეთ ერთგვარი სასოწარკვეთილება ოპოზიციაში. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების დღიდან ერთი დღე არ გასულა, რომ მათ ამ ფაქტზე არ ესაუბროთ - ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
მან ისაუბრა, თუ რა არის ის გამოწვევა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა ისევ გადაწყვიტა, ჩაბმულიყო პოლიტიკურ საქმიანობაში.
"როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ამ კუთხით არის უმნიშვნელოვანესი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ყველა მიმართულებით ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, განსაკუთრებული როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში.
ჩვენ დავინახეთ ერთგვარი სასოწარკვეთილება ოპოზიციაში. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების დღიდან ერთი დღე არ გასულა, რომ მათ არ ესაუბროთ ამ ფაქტზე - ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ მიიღეს მათ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში.
ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში, ეს მთავრდებოდა ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით", - აღნიშნა კობახიძემ.