უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთს უდიდესი პროგრესი ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანა, ეს ქმნის თანამშრომლობის ძალიან კარგ პოტენციალს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ტელეკომპანია „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის დელეგაციის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
„ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანა მოდერნიზაციის, ეკონომიკური პროგრესის კუთხით. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჩინეთს ეკონომიკური თვალსაზრისით, უდიდესი პროგრესი ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანაც. ეს ქმნის რა თქმა უნდა, თანამშრომლობის ძალიან კარგ პოტენციალს. ვიზიტის მსვლელობისას საუბარი გვქონდა კონკრეტულ დეტალებზე, კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, საუბარი გვქონდა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, რითაც პირდაპირ არის ჩინეთი დაინტერესებული.
არსებობს ძალიან კონკრეტული თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ჩინეთში ვიზიტისას იყო კონკრეტული შეთავაზებები, განსაკუთრებით კი ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.
„ძალიან აქტიურად გამოითქვა თანამშრომლობის შესახებ მზაობა ჩვენი ჩინელი მეგობრების მხრიდან, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ კონკრეტული პროექტები განხორციელდება ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით, უზრუნველყოფილი იქნება მეტი ჩინური ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში, მათი თანამონაწილეობა კონკრეტული პროექტების განხორციელებაში. ჩვენი ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან მყარ საფუძველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.