შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც კვლავ ესწრაფვის ამ თანამდებობის დაკავებას, ირწმუნება, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს პრეზიდენტად არჩევისთანავე დაასრულებს.
მისი თქმით, ამ დაპირებას პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე, ინაუგურაციამდეც კი შეასრულებს.
დონალდ ტრამპმა ამ პირობის შესახებ მორიგჯერ ნიუ ჰემფშირის შტატში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩვენ დავასრულებთ ამ საშინელ ომს რუსეთსა და უკრაინას შორის, ვიდრე ოფიციალურად შევუდგები უფლებამოსილების განხორციელებას... მე კარგად ვიცნობ პუტინს... მე ვიცნობ ზელენსკის, ჩვენ მოვაგვარებთ ამას", - თქვა ტრამპმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს დანაპირების შესრულებას.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას შეუძლია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის 24 საათში დასრულება. 2023 წლის ნოემბერში ზელენსკიმ შესთავაზა ტრამპს ჩასულიყო უკრაინაში, რათა პირადად აეხსნა, თუ რატომ იყო ეს შეუძლებელი.
ზელენსკი ტრამპის დაპირებას სახიფათოდ მიიჩნევს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კონფლიქტი ძალიან რთულია ერთ დღეში დასასრულებლად.