უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „შემაშინებელი“ უწოდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპირებას უკრაინასა და რუსეთს შორის ომის 24 საათში დასრულების შესახებ, თუკი ის კვლავ დაიკავებს ამერიკის პრეზიდენტის პოსტს.
ბრიტანულ ტელერახ Channel 4 -თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპი შესაძლოა, შეეცადოს შეასრულოს თავისი დაპირება ომის შეჩერების შესახებ 24 საათის განმავლობაში, შედეგებისა და იმ პირობების გათვალისწინების გარეშე, რომელსაც კიევი დაჟინებით მოითხოვს.
ამასთან, ზელენსკიმ ინტერვიუს დროს დონალდ ტრამპი უკრაინაში მიიწვია.
„დონალდ ტრამპ, მე თქვენ გეპატიჟებით უკრაინაში, კიევში. თუკი ომის შეჩერება შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში, ვფიქრობ, ეს საკმარისია ჩამოსასვლელად,“ - თქვა ზელენსკიმ.
შარშან, მაისში CNN-ის ეთერში ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინაში ომი „24 საათში“ გააჩეროს.
წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ტრამპი არაერთხელ გამოვიდა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების წინააღმდეგ და კიევსა და მოსკოვს სამშვიდობო შეთანხმებისკენ მოუწოდა.
ტრამპი ამჟამად იბრძვის იმისთვის, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელთა კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. მან უკვე გაიმარჯვა რესპუბლიკელთა კოკუსში აიოვაში.
დეკემბერში ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის მიმართ აშშ-ს პოლიტიკის შეცვლის საფრთხეზე.
„თუ მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკა, როგორიც არ უნდა იყოს ის, იქნება განსხვავებული, უფრო ცივი ან უფრო ეკონომიური, მაშინ ვფიქრობ, რომ ეს სიგნალები დიდ გავლენას მოახდენს უკრაინის ომის მიმდინარეობაზე. იმიტომ რომ ასე მუშაობს მთელი მსოფლიო. თუ ერთი ძლიერი ნაწილი ამოვარდება, მაშინ მექანიზმი იწყებს ნგრევას“, - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ახლა პირველ ადგილზეა მსოფლიოში უკრაინისთვის დახმარების მიწოდების კუთხით.