პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გავხდით ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფის მოწმე. პირველად საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ მართლმადიდებელი მრევლი გახდა შევიწროების ობიექტი შობის აღნიშვნის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიასა და მრევლზე თავდასხმისას იხილა, გასცდა აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და საშიშ ზღვარს მიუახლოვდა, რომლის მიღმაც სამოქალაქო მშვიდობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეიძლება იყოს.
მისივე თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ამ შეტევაში აქტიურად მონაწილეობენ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
"სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატთან დაკავშირებული ისტერია სწორედ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, "სოვლაბის" წარმომადგენელმა, გიორგი კანდელაკმა გააჩაღა, რომელიც, შეთავსებით, საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული პარტიის, "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრიც არის. თავად ეს ფაქტიც ყველაზე თვალსაჩინო დიაგნოზია იმ პრობლემისა, რომელიც ქართულ არასამთვრობო სექტორში გვაქვს – ე.წ. ენჯეოსექტორი თითქმის სრულად არის დომინირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც უცხოური დაფინანსებით პარტიულ პროპაგანდას ეწევიან", - თქვა პაპუაშვილმა.