პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც ამჟამად, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეას" ხელმძღვანელობს, ტაივანიდან ფინანსდება, რათა საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს.
მისი თქმით, ხიდაშელი "არაღიარებული სახელმწიფოს ლობიზმით არის დაკავებული", რაც "ცალკე პრობლემაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის".
"დღეს ატეხილი აქვთ აბსოლუტური ისტერია, მათ შორის, რაღაც ანტიჩინური განწყობების შექმნის მცდელობაა. განსაკუთრებით გამორჩეულია თინა ხიდაშელი, „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი. ცალკე საკითხია, აქაც იმ პრობლემას რომ ვუბრუნდებით, პოლიტიკოსები, რომლებიც ჩაბუდებული არიან „ენჯეოს“ სექტორში და სინამდვილეში პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევიან. ამავე დროს, ფაქტია, ის ფინანსდება ტაივანის მხრიდან, არის ოფიციალური ფონდები და გასაგებია, რომ სწორედ ამ დაკვეთიდან გამომდინარე, ის ცდილობს, საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. ჰკითხეთ მას საჯაროდ, მაინტერესებს, ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს თუ არა? რა დამოკიდებულება აქვს ტაივანის მიმართ, რომლისგანაც ის ფულს იღებს? საინტერესოა, რადგან საქმე გვაქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, რომელსაც, მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა, ახლა რომ არის ლობიზმით დაკავებული არაღიარებული სახელმწიფოს დაფინანსებით, მგონი, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.