ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ გამოთქვა წინააღმდეგობა ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის პალესტინური სახელმწიფოს შექმნით გადაწყვეტის იდეასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პალესტინური სახელმწიფო ისრაელზე მომავალი თავდასხმების საწყის პუნქტად იქცევა.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს "უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების კონტროლი მდინარე იორდენეს დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე".
"[პალესტინური სახელმწიფოს შექმნა] წინააღმდეგობაში მოდის სუვერენიტეტის იდეასთან. რა შეგვიძლია გავაკეთოთ?..ის საფრთხეს შეუქნმის ისრაელის სახელმწიფოს", - თქვა მან.
ამ განცხადებას წინ უსწრებდა ისრაელის უახლოესი მოკავშირის, აშშ-ის მოწოდება პალესტინური სახელმწიფოს შექმნისთვის ნაბიჯების გადასადგმელად.
"ისრაელის პრემიერ-მინისტრს უნდა შეეძლოს, თქვას "არა", თუნდაც ჩვენი საუკეთესო მეგობრისთვის", - თქვა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ "პალესტინური სახელმწიფოს შექმნის გარეშე, ისრაელი რეალურ უსაფრთხოებას ვერ მიიღებს".
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციას, ვიდრე სრულ გამარჯვებას არ მოიპოვებს.
"გამარჯვებას მრავალი თვე დასჭირდება", - დასძინა მან.