დღეს ქართველი ხალხის ინტერესშია, ხელისუფლებაში იყოს „ქართული ოცნება“, რომელმაც გაასამმაგა ეკონომიკა, ევროკავშირთან რეალურად დააახლოვა საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე მშპ გააორმაგა და ა.შ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
„ხალხს ეს პოლიტიკური ძალა უნდა ხელისუფლებაში, თუ ის ძალა, რომელიც ბოლო ორი წელი სთავაზობდა, რომ ქართველ მოხალისეებს გააგზავნიდა უკრაინაში, დააწესებდა სანქციებს, ჩაკეტავდა ქართულ ეკონომიკას მთლიანად და ფაქტობრივად, მიგვიყვანდა კოლაფსამდე? ეკონომისტების მიერ დათვლილია, რომ ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო და სანქციები დაეწესებინა, ჩვენ დღეს გვექნებოდა არა ათ-ათ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, არამედ მინუს 10%-იანი ვარდნა, მეტი, ვიდრე კოვიდის დროს გვქონდა; მოხალისე მებრძოლებს რომ გააგზავნიდნენ უკრაინაში საომრად, ჩვენ დღეს ვიქნებოდით ან ომის პირას, ან ომში რუსეთთან, ან უკვე დასრულებული ომი იქნებოდა და გასაგებია, ვისი ტანკიც იდგებოდა თბილისში. ამიტომ, რა თქმა უნდა, მოსახლეობა ამას ხმას არ მისცემს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.