პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში ნიშნავს იმპერიალიზმის გამარჯვებას და დასავლური სამყაროს დასუსტებას. გარდა ამისა, მისივე თქმით, რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე და თავს დაესხმება სხვა ქვეყნებს აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა თუ ცენტრალურ აზიაში.
„ნებისმიერი სხვა გამოსავალი რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს. გთხოვთ, გახსოვდეთ - რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე – აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები შეიძლება გახდნენ რუსეთის შემდეგი მსხვერპლი. რუსეთი თუ ამ ომში მოიგებს, ის თავს დაესხმება ამ ქვეყნებს. ეს რუსული იმპერიალიზმისთვისაა დამახასიათებელი: ისინი ისევ და ისევ თავს დაესხმებიან სხვადასხვა ქვეყანას“, – განაცხადა დუდამ.
მისი თქმით, დაღლილობის შესახებ, რაზეც სულ უფრო ხშირად საუბრობენ ევროპაში, ძალიან უნდათ მოისმინონ კრემლში.
„ისინი მზად არიან აწარმოონ ომი გამოფიტვამდე და იმედოვნებენ, რომ დაღლილი დასავლეთი შეზღუდაბს მხარდაჭერას მებრძოლი უკრაინისთვის და მოახდენს ზეწოლას კიევზე სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად“, - აღნიშნა პოლონეთის ლიდერმა.
შესაბამისად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი „უნდა მოემზადოს გრძელი მარშისთვის, რომლის დროსაც საჭირო იქნება ბრძოლა მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, უკრაინის მხარდაჭერა ბრძოლაში და დახმარება უკრაინის აღდგენაში იმ აქტივებით, რომლებიც ჩამოერთმევა აგრესორს“.
დუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში პასუხი ძალიან მარტივია: უკრაინელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი, გარედან არავინ არ უნდა გააკეთოს ეს უკრაინის სახელით ან მის ნაცვლად.
ამასთან, დუდას თქმით, ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან თავის ჯარს გაიყვანს.