"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საზოგადოება ლევან გაჩეჩილაძესა და მის პარტიას არ უნდა ენდოს.
"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სააკავშილი დღეს თუ რამეზე დგას, ეს არის ის, რომ ოპოზიცია არის გახლეჩილი. სააკაშვილი მაშინაც - 2005 წელს იდგა ოპოზიციის ნაწილობრივ სისუსტეზე და ნაწილობრივ გარიგებებზე და თავისი ხელისუფლება სწორედ ოპოზიციასთან გარიგებებით შეინარჩუნა. დღესაც ის ამ ძალაუფლებას ინარჩუნებს იმით, რომ ახერხებს ოპოზიციაში გარკვეული დასაყრდენის პოვნას. ამიტომაც, როგორც ჩანს, დადგა იმის დრო, გაირკვეს და საზოგადოებამ ზუსტად გაიგოს, ვიც უნდა ენდროს და ვის არა. ლევან გაჩეჩილაძეს და მის პარტიას, პირდაპირ გეუბნებით, არ უნდა ენდოს", - ამის შესახებ ბურჯანაძემ გადაცემა "აქცენტებში" განაცხადა.
მისივე განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც გაზეთ "ასავალ-დასავალში" იყო საუბარი, გაჩეჩილაძემ საუბარი პრაქტიკულად საადგილმამულო ბანკზე საუბრით დაიწყო.
"კარგად მახსოვს დათო უსუფაშვილის რეაქცია, რომელიც ჩემგან ხელმარცხნივ იჯდა - ლამის გადმოვარდა სავარძლიდან გაკვირვებისა და აღშფოთებისგან, რადგან ლევან გაჩეჩილაძემ თქვა, რომ არაფერი არ უნდოდა - არც პრეზიდენტობა და არც არაფერი საადგილმამულო ბანკის გარდა და რომ ესაა მისი ოცნება. რა თქმა უნდა ეს აყო მიუღებელი მაშინ, როცა ათიათასობით ადამიანი იდგა ქუჩაში და ცვლილებს ელოდა.
დიახ, თანხაზეც იყო საუბარი, თუმცა პირდაპირ ვაჭრობა არ დაწყებულა. სააკაშვილი რისი სააკაშვილია რომ ლევან გაჩეჩილაძის ოცნების გახმოვანება არ დაეჭირა, ძალიან მარტივად მიუბრუნდა მას და კითხა, რამდენი ჭირდებოდა საადგილმამულო ბანკისთვის, რაზეც გაჩეჩილაძემ უპასუხა, რომ საჭირო იყო 10-12 მილიონი. სააკაშვილმა ამის შემდეგ შეწყვიტა ამ თემაზე საუბარი ძალიან მარტივი მიზეზის გამო - მან დაინახა დათო უსუფაშვილის და ჩემი გაოგნებული სახეები და მიმართა გაჩეჩილაძეს, ამ თემაზე ხვალ შევხდეთ და ვილაპარაკოთო. ეს შეხვედრა მეორე დღეს შედგა. ეს იყო სადილი პირისპირ, რომელსაც მე არ ვესწრებოდი", - განმარტავს ბურჯანაძე.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი იმასაც ამტკიცებს, რომ სააკაშვილისა და გაჩეჩილაძის რიგით მეორე შეხვედრაზე საადგილმამულო ბანკისთვის საჭირო თანხაზე საუბარი შედგა, რადგან "შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი იყო სრულიად აღფრთოვანებული, ბედნიერი და არწმუნებდა მას, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა".
"სააკაშვილმა მითხრა, რომ გაჩეჩილაძემ ფული მართლა მოითხოვა, მაგრამ ამის გარდა მან კიდევ ბევრი რამ მითხრა. მე ვამბობ იმას, რაც ჩემი ყურით მოვისმინე და დავინახე", - დასძენს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი.