თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
საუბრისას ერდოღანმა ხაზი გაუსვა „მარცვლეულის დერეფნის“ განახლების აუცილებლობას.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით დიპლომატიურ შეხვედრებს გააგრძელებს.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი „დიდ ძალისხმევას მიმართავს, რათა შეაჩეროს სისხლისღვრა როგორც უკრაინაში, ასევე პალესტინის ტერიტორიებზე“.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და დეპორტირებულების, ასევე ყირიმელი თათრების დაბრუნების საკითხი დააყენა.
”განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამშვიდობო ფორმულის პუნქტს ყველა სამხედრო ტყვისა და დეპორტირებულის დაბრუნების შესახებ. დღეს ეს საკითხი განვიხილე თურქეთის პრეზიდენტთან. რუსების მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების, ტყვეებისა და მათი დაბრუნების საკითხი, რომელთა წინააღმდეგაც ხდება რეპრესიები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ყირიმში. თურქეთის შუამავლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გათავისუფლდნენ ყირიმელი თათრები და სხვები - მოზრდილები, ბავშვები, ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში არიან," - განაცხადა ზელენსკიმ.